რამდენიმე დღის წინათ სასტუმრო ,,შერატონის~ საკონფერენციო დარბაზში აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ფედერაციის დამფუძნებლები, გამგეობის წევრები და რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფედერაციაში გაწევრიანებული არიან გიდები, ტურისტული სააგენტოები, სოფლად ტურიზმის, მარნების, სატრანსპორტო კომპანიების, განთავსების, კვების ობიექტების და ფერმერული მეურნეობის წარმომადგენლები. უწყების ხელმძღვანელმა აკაკი ბერიძემ სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და ფედერაციის მიზნებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
– ჩვენი უპირველესი მიზანი ტურისტული სექტორის გაერთიანებაა. ფედერაციისთვის უმთავრესია, ყველა ტურისტული მომსახურება მოაქციოს ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების პრეროგატივაში. აუცილებელია, ტურიზმი ქუჩიდან გადავიდეს ოფისებში, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც სასტუმროს ჯავშნებს, ასევე გიდების და ტრანსპორტის მძღოლების დასაქმებას. რეკომენდაციას გავუწევთ და გავამახვილებთ ყურადღებას იმ კვების ობიექტებზე, რომლებიც ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ნაწარმით მარაგდება. გვექნება საიტი, სადაც ის ობიექტები და კომპანიები განთავსდება, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. თუმცა უმთავრესი მიზანია ერთობა. გვსურს რეგიონში კერძო სექტორის გაერთიანებით გავაუმჯობესოთ მომსახურების სერვისი. ამისთვის ჩატარდება ტრენინგები. გვინდა ერთად მოვაგვაროთ ტურისტულ ქაოსში არსებული პრობლემა – ქუჩაში გაყიდული ექსკურსიები, – გვითხრა აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის დამფუძნებელმა აკაკი ბერიძემ.