,,გიდი ცოტა ექიმიც უნდა იყოს, მუსიკოსიც მზარეულიცა და ცოტა … შეშლილიც”

საკუთარი ქვეყნის, კუთხის და მისი ტრადიციის უკეთ წარმოსაჩენად აუცილებელია, ტურისტს გამოცდილი გიდი მოემსახუროს. ნათქვამია, პირველი შთაბეჭდილება არ განმეორდებაო, სწორედ ამიტომ სტუმარს ყოველთვის კეთილგანწყობილი უნდა დახვდე.
 

ეს საუკეთესოდ გამოსდის კომპანია `აკარტურის~ დამფუძნებელ აკაკი ბერიძეს, რომელიც დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია. ის საქართველოში ჩამოსულ ვიზიტიორებს უკვე 7 წელია ემსახურება და ამ სფეროში საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. ბატონო აკაკი პროფესიით ენერგეტიკოსია, ბათუმში დაიბადა, 1987 წელს დაამთავრა მე-14 საშუალო სკოლა, იმავე წელს მოეწყო მოსკოვის მენდელეევის ინსტიტუტში თბოენერგეტიკის ფაკულტეტზე ინჟინრის სპეციალობით.
 

ბატონო აკაკი, რატომ გადაწყვიტეთ ტურიზმის სფეროში მოღვაწეობა?

– იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ხალხმრავალ დაწესებულებაში ვმუშაობდი, ჩემი საქმიანობით ვერაფრით ვკმაყოფილდებოდი. სწორედ ამან მიბიძგა კიდევ ერთი საქმისკენ, რასაც ტურიზმი ჰქვია. 2012 წელს დავაარსე ტურისტული კომპანია `აკარტური~. მალევე დავიწყე ურთიერთობა ტურიზმის დეპარტამენტთან, სადაც ბევრი რამ შევისწავლე. ხშირად ვესწრებოდი მათ ტრენინგებს, ვმონაწილეობდი მაღალმთიან აჭარაში მათ მიერ დაგეგმილ საინფორმაციო ტურებში. შენი კომპანია წარმატებული რომ იყოს, ძირითადი საქმე თავად უნდა შეასრულო, ამიტომაც გადავწყვიტე, შემემუშავებინა საექსკურსიო მარშრუტები და ტურისტებისთვის ქართულ ტრადიციებზე ჩემებურად მორგებული სტუმარმასპინძლური ვარიანტი შემეთავაზებინა. სასტუმრო სახლებსა და ოჯახებში მიმყავდა ტურისტები, სადაც მათ უმასპინძლდებოდნენ. საქართველოს გამოცდილმა გიდებმა მაჭახლის ხეობაში ჩემს ტურს საავტორო ტურის წოდება მიანიჭეს.

 

რა სირთულის წინაშე დამდგარხართ როგორც გიდი?

– შენს სამშობლოს შენზე უკეთ სხვა ქვეყნის მოქალაქე ვერ წარმოაჩენს, ვერ მოუყვება ჩამოსულ სტუმარს რეალურ ამბავს. ყველა გიდი მხოლოდ ადგილობრივმა ტურისტულმა სააგენტოებმა უნდა დაასაქმოს, გასცეს რეკომენდაცია და იყოს პასუხისმგებელი მათ მუშაობაზე. გიდის ერთადერთი პრობლემაა არაჯანსაღი კონკურენცია, ხშირ შემთხვევაში, ქუჩაში ტაქსისტების მიერ ტურისტებისთვის მოტყუებით მიყიდული და შესრულებული ექსკურსიები. ეს არა მარტო გიდების, არამედ მთელი ქვეყნის დიდი პრობლემაა. მართალია, მთავრობა ცდილობს მის მოგვარებას, მაგრამ ჯერჯერობით როგორც გიდების, ისე ტურისტული კომპანიების უკეთ განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს ტურიზმის დეპარტამენტს, ხშირად გვიტარებენ ტრენინგებს, ინფოტურებს.

 

ყველაზე მეტად რა იზიდავთ აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს?

– საერთოდ, საქართველოში ჩამოსულ ტურისტს, უპირველესად, ჩვენი ბუნება, სტუმარმასპინძლობა, ქართული სამზარეულო იზიდავს. პირადად მე ტურისტების შესახვედრად თადარიგს სეზონის მიხედვით ვიჭერ, სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ მანდარინის, ხურმის, ჩაის კრეფის ფოტოებს, ვწერ პოსტებს და ამით ვიზიდავ მათ, რაც უმეტეს შემთხვევაში ამართლებს.

 

რომელი ქვეყნიდან გყოლიათ კომფორტული და ყველაზე პრეტენზიული ტურისტი?

– ყველაზე კომფორტულები ბალტიისპირეთის ქვეყნების ტურისტები არიან, ყველაზე პრეტენზიულები კი რუსეთიდან ჩამოდიან, უმეტესად – მოსკოველები.

 

ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოში შიდა ტურიზმიც გასაძლიერებელია?

– ნამდვილად გასაძლიერებელია. ვფიქრობ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები და ღირსშესანიშნაობები უნდა ვაჩვენოთ, არამედ ზემო აჭარა, სადაც ყოველი სოფელი განსაკუთრებულ ისტორიას ინახავს. შარშან გოდერძის უღელტეხილზე ადგილობრივი ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენლებს 12 ინფორმაციული ექსკურსია ჩავუტარე. მინდოდა ბათუმში მცხოვრებთ სასტუმროების, რესტორნების და სხვა სექტორის წარმომადგენლებს ენახათ ჩვენი მაღალმთიანი რაიონი, გასცნობოდნენ მის სილამაზეს. რაც შეეხება ფასებს, რაზეც ხშირად საუბრობენ, ამას ბაზარი არეგულირებს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს რეგიონში მაღალი ტარიფებია.

 

ახლა თუ გყავთ ტურისტები?

– ტურისტების ჯგუფი ახლაც მყავს. ამ დღეებში ვუმასპინძლე ესტონეთიდან ჩამოსულ თეატრის მსახიობებს. ვაჩვენე მაჭახლის ხეობა, დაესწრნენ ციტრუსის კრეფის პროცესს, რაშიც თავადაც მიიღეს მონაწილეობა. ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და მომავალშიც აპირებენ ჩამოსვლას. აი, ეს არის გიდის მთავარი ამოცანა. უნდა შეაყვარო ტურისტს შენი ქვეყანა. გიდი, უპირველესად, უნდა იყოს თავისი ქვეყნის პატრიოტი, კარგი გიდი თავად უნდა `წერდეს სცენარს~ ექსკურსიის მსვლელობისას. უნდა იყოს კარგად მოაზროვნე, მოსაუბრე, ცოტა – ექიმი, ცოტა – მუსიკოსი, მზარეული და, როგორც ვიტყვით ხოლმე, ცოტა შეშლილიც.

 

დაბოლოს, მოგვიყევით აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციაზე, რომელიც გასულ წელს დააარსეთ. რას ემსახურება ეს კომპანია?

– 2018 წლის დეკემბერში დავაფუძნე აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, რომლის პრეზიდენტადაც ამირჩიეს. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ყველა იმ კომპანიას თუ ფიზიკურ პირს, რომელიც ტურიზმის სფეროში მოღვაწეობს. ფედერაციაში გაერთიანებულია რეგიონში მოქმედი თითქმის ყველა ტურისტული სექტორის წარმომადგენელი: ტურსააგენტოების, განთავსების, კვების ობიექტების, სოფლად ტურიზმის, საოჯახო სახლების, მარნების, სატრანსპორტო კოპანიების და ფერმების მენეჯერები, ხელმძღვანელები, გიდები. გვინდა ყველა ტურისტული მომსახურება აწარმოონ ადგილობრივმა ტურისტულმა კომპანიებმა. ამით დასაქმდებიან გიდებიც, სატრანსპორტო კომპანიებიც და ასე შემდეგ. ფედერაცია პასუხისმგებელია ხარისხიან მომსახურებაზე. ეს კი ჩვენი რეგიონის უკეთ წარმოსაჩენად აუცილებელია.

ფედერაციის მიზანი – ქუჩის ტურიზმის ოფისებში გადატანა
Previous

ფედერაციის მიზანი – ქუჩის ტურიზმის ოფისებში გადატანა

Leave review
რამდენიმე დღის წინათ სასტუმრო ,,შერატონის~ საკონფე...
Read More
სემინარი - ინტერნეტ - მარკეტინგი 2020 წელში
Next

სემინარი - ინტერნეტ - მარკეტინგი 2020 წელში

Leave review
სასტუმრო Best Western Premier Batumi -ში აჭარის ტუ...
Read More
ტრენინგი

სამ დღიანი ტრენინგი "ღვინის ტურიზმი"

Leave review
აჭარის ა.რ. ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA) და ა(ა) იპ აგროსერვისცენტ...
Read More
პეტრას ციხის საპრეზენტაციოდ გახსნა

პეტრას ციხის საპრეზენტაციოდ გახსნა

Leave review
აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA) წევრმა გიდებმა, საინფორმაციო ტ...
Read More
ახალი გუნდის წევრების მიღება

ახალი გუნდის წევრების მიღება

Leave review
ახალი გუნდის წევრების მიღება უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე....
Read More
მაისი 2023
ორშ
სამშ
ოთხშ
ხუთშ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
Яндекс.Метрика